10 სექტემბერს, თელავის ისტორიულ მუზეუმში, ცნობილი ქართველი მხატვრის, მწერლისა და ანიმატორის გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
გელა პატიაშვილი თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. იგი 30 წლის განმავლობაში საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც ანიმაციის სფეროში მუშაობდა, თანამშრომლობდა Théâtre Clavel-თან, ასევე ცნობილ ანიმაციურ სტუდიებთან Millimages-სა და Dargaud-თან. მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო გამოფენაში.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ახალი ნამუშევარი „ბაკქანალია“, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისათვის შექმნა. „ბაკქანალია“ შთაგონებულია მითოლოგიური, ბიბლიური და ფოლკლორული სიუჟეტებით. კომპოზიციის ცენტრში წარმოდგენილია ბახუსი (დიონისე) - ღვინისა და ვაზის ღვთაება, რომლის ირგვლივაც ვხვდებით ქალის, ანგელოზების, ჭინკას, ვერძის, ფრინველების, მელიის, ფუტკრისა და ვაზის ლოკოკინის სიმბოლურ სახეებს. ნამუშევარი თანამედროვე მხატვრული ხედვით წარმოაჩენს კახეთის მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ნამუშევართან ერთად ექსპოზიციას ავსებს გელა პატიაშვილის მიერ შექმნილი არქეოლოგიური თემატიკით შთაგონებული კომპოზიციები, რომლებიც აერთიანებს წარსულის ისტორიულ მეხსიერებასა და თანამედროვე ხელოვნების მხატვრულ ხედვას.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - გიგა მამუკელაშვილი და გიორგი ქართლელიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლეილა ლეგაშვილი, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მხატვრები და გელა პატიაშვილის მეგობრები.
გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენის ნახვა თელავის ისტორიულ მუზეუმში მსურველებს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე შეეძლებათ.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი







