14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა!
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა სსიდა – „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის“ დღის ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობები, ნიჭი და ის განსაკუთრებული ხედვა, რომლითაც ისინი სამყაროს აღიქვამენ და საკუთარ ემოციებსა და განცდებს გვიზიარებენ.
გამოფენის გახსნის შემდეგ ჩვენმა პატარა მეგობრებმა დაათვალიერეს მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი თელაველი მხატვრის, თინიკო დათიშვილის ნამუშევრები, შემდეგ კი ერეკლე II-ის სასახლე-მემორიალს ეწვივნენ, სადაც ნახეს ექსპონატები და მოისმინეს საინტერესო ისტორიები ჩვენი ქვეყნის წარსულზე.
დღე განსაკუთრებული ემოციებით გაგრძელდა. სასახლის დათვალიერების შემდეგ ბავშვები მეფის კარის ეკლესიაში ალავერდის ეპარქიის მოძღვარმა, დეკანოზმა მამა გიორგი პაპუნაშვილმა დალოცა .
თელავის ისტორიული მუზეუმისთვის ყოველთვის სასიამოვნოა სსიდა – „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის“ ბენეფიციართა მასპინძლობა და მათთან მეგობრობა. ეს განსაკუთრებული ბავშვები უკვე რამდენიმე წელია ჩვენს თვალწინ იზრდებიან, ვითარდებიან და გვახარებენ თავიანთი გულწრფელობით, სითბოთი და წარმატებებით, რაც მათი პედაგოგების თავდაუზოგავი შრომისა და სიყვარულის შედეგია.
ყოველი მათი სტუმრობა ჩვენთვის სიხარულისა და შთაგონების წყაროა. გვჯერა, რომ თანადგომით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით შევძლებთ ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, განვითარების და ღირსეული ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა.
მათი ღიმილი, წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი საერთო გამარჯვებაა.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი










