23 მაისს თელავის ისტორიული მუზეუმი შეუერთდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნებულ აქციას - „ღამე მუზეუმში“.
მუზეუმების საერთაშორისო დღის წლევანდელი თემის - „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ ფარგლებში მუზეუმში მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი კულტურული აქტივობები გაიმართა.
მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა თელაველი მხატვრის თინიკო დათიშვილის პერსონალური გამოფენა, ხოლო მუზეუმის ჰოლში წარმოდგენილი იყო უცხოელი მხატვრების მიერ მუზეუმისთვის საჩუქრად გადმოცემული ნამუშევრები.
სასახლე-მემორიალში მისულ ვიზიტორებს „გაცოცხლებული“ მეფე ერეკლე მეორე დახვდათ. საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა - ვანო იანტბელიძემ ერთი დღით მეფის როლი მოირგო და სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ბავშვებისთვის გაიმართა ფილმის - „ღამე მუზეუმში“ ჩვენება.
მუზეუმის ვერანდაზე მოეწყო ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლისა და საესტრადო მომღერლების კონცერტი, რომელმაც საღამოს განსაკუთრებული მუსიკალური განწყობა შესძინა.
მუზეუმს, აღნიშნულ საღამოს 500-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოების დიდ ინტერესსა და სიყვარულს თელავის ისტორიული მუზეუმის მიმართ.
„ღამე მუზეუმში“ ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ თელავის მუნიციპალიტეტის მერია, რის გამოც გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მათ გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
მადლიერებას გამოვხატავთ მუზეუმის თანამშრომლების , ღონისძიების მონაწილებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ , ვინც ამ დღეების განმავლობაში გვერდში გვედგა, დაგვეხმარა და თავისი მხარდაჭერით მუზეუმების საერთაშორისო კვირეული კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. თქვენი თანადგომა და ჩართულობა თითოეული ღონისძიების წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
თელავის ისტორიულ მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული დასრულდა ,,ღამე მუზეუმში" აქციით, რომელიც იქცა განსაკუთრებულ მოვლენად ,სადაც მუზეუმის სივრცე გაცოცხლდა და ერთიან გარემოში გაერთიანდა ისტორია ,ხელოვნება და ადამიანები.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი















