თელავის იტორიულ მუზეუმში გრძელდება მუზეუმების საერთაშორისო კვირეული.
დღეს, წლევანდელი თემის - „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ ფარგლებში, მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა თემატური შეხვედრა, რომელიც თელავის საერთაშორისო ურთიერთობებს, კულტურულ კავშირებსა და საერთაშორისო მეგობრობის მნიშვნელობას მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს თელავის მრავალწლიან საერთაშორისო თანამშრომლობებზე, დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობებსა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე.
მუზეუმის დირექტორმა,გურამ ურჩუხიშვილმა ისაუბრა თელავსა და საფრანგეთს შორის არსებულ კულტურულ ურთიერთობებზე და ამ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე;
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა,ფიქრია ყუშიტაშვილმა ყურადღება გაამახვილა თელავსა და იაპონიას შორის მეგობრულ, კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე;
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა, დიანა ფხოველიშვილმა ისაუბრა თელავსა და გერმანიის ქალაქ ბიბერახს შორის 40-წლიანი დამეგობრების ისტორიასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე;
მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ანა მაისურაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუზეუმის საერთაშორისო ურთიერთობები, განხორციელებული პროექტები და საერთაშორისო გამოფენები;
Fiest wish Art Gallery-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიამ სიმაშვილმა ისაუბრა თელავის ისტორიულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ საერთაშორისო გამოფენებსა და კულტურულ ინიციატივებზე.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მუზეუმის მნიშვნელოვანი როლი კულტურათაშორისი დიალოგის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ადამიანებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პროცესში.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი






